პიტ ჰეგსეტი - მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს, ამის შესახებ შეგიძლიათ, ხამენეის ჰკითხოთ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანის ომის მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება. მისივე თქმით, დაზვერვის მონაცემები ცხადყოფს, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანის სამხედროების მორალურ მდგომარეობას აზიანებს, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიან დეზერტირობას იწვევს.
„მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სულ უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, მათ კი – ნაკლები. მხოლოდ ერთ თვეში ჩვენ დავადგინეთ პირობები, მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის ურჩევნია ირანთან შეთანხმება დადოს, თუ თეირანი ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ პირობებს მიიღებს.
„ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვირჩევნია შეთანხმების მიღწევა, თუ ირანი მზად იქნება, დათმოს ის მასალა და ამბიციები, რაც სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს. ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე საჭიროა. აშშ-ს ბევრად უფრო მეტად ურჩევნია შეთანხმების დადება, მაგრამ მანამდე მოლაპარაკებას ბომბებით ვაწარმოებთ“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
პიტ ჰეგსეტმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არ აპირებს უკან დაიხიოს და ირანის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ირანის სულიერი ლიდერის მოკვლის ამბავი შეახსენა.
„თუ ირანი გონივრულად იმოქმედებს, ისინი შეთანხმებას დადებენ. პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს, ამის შესახებ შეგიძლიათ, ხამენეის ჰკითხოთ. ირანის ახალმა რეჟიმმა ეს უკვე უნდა იცოდეს, რადგან რეჟიმი შეიცვალა, ისინი წინაზე უფრო გონივრულები უნდა იყვნენ. პრეზიდენტი ტრამპი შეთანხმებას დადებს, ის მზადაა. შეთანხმების პირობები კი მათთვის ცნობილია“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.