პიტ ჰეგსეტი – ირანის მხრიდან ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით უფრო დიდი ძალით მოჰყვება პასუხი, გონივრული იქნებოდა, თუ ირანი ამ სიტყვებს გაითვალისწინებდა
ირანის მხრიდან ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით უფრო დიდი ძალით მოჰყვება პასუხი. ირანის მხრიდან გონივრული იქნებოდა, თუ ამ სიტყვებს გაითვალისწინებდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, თავდასხმამ „გაანადგურა“ ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა გავლენა არ მოუხდენია ირანელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, გუშინდელი დარტყმები ირანის ბირთვული შესაძლებლობების „დაქვეითების“ და „განადგურების“ მიზანს ემსახურებოდა.
„ბევრი პრეზიდენტი ოცნებობდა ირანის ბირთვული პროგრამისთვის საბოლოო დარტყმის მიყენებაზე, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება ტრამპამდე. ირანზე ოპერაცია თამამი და ბრწყინვალე იყო. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, მსოფლიომ უნდა მოუსმინოს. აშშ-ის გარდა, ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა შეიქმნას, ის მშვიდობას ეძებს და ირანმა ეს გზა უნდა აირჩიოს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისაუბრა ოპერაციის დეტალებზე და აღნიშნა, რომ დარტყმა მოიცავდა 2001 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ „ბი-2“ სპირიტ-ბომბდამშენის მისიას და მასიური საბრძოლო მასალის გამანადგურებლის პირველ ოპერატიულ გამოყენებას.
ჰეგსეტმა გაიმეორა ტრამპის განცხადება, რომ „აშშ ომს არ ეძებს“, თუმცა დასძინა, რომ „ჩვენ სწრაფად და გადამწყვეტად ვიმოქმედებთ, როდესაც ჩვენი ხალხი, პარტნიორები და ჩვენი ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება“.