პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანში სამხედრო ოპერაციებისთვის აშშ-ის ხარჯებმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

02:10, 22.07.2026

ირანში სამხედრო ოპერაციების ღირებულებამ 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სენატში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც უკვე გაწეულ, ისე 30 სექტემბრამდე მოსალოდნელ საოპერაციო და პერსონალის დაფინანსების ხარჯებს.

„ირანი სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, როგორც, სულ მცირე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ბოლო 47 წლის განმავლობაშიც. მათ შექმნეს, ფაქტობრივად, ტერორისტული არმია, რომელიც ბირთვული იარაღის პროგრამის დასაცავად იყო გამიზნული. ეს ნიშნავდა ათასობით ბალისტიკურ რაკეტას, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენ გავანადგურეთ, ნაწილი კი მიწისქვეშა ობიექტებში აქვთ დამალული. ტერორისტული რეჟიმები სწორედ ასე იქცევიან. ვაღიარებ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული შესაძლებლობები, თუმცა ჩვენმა ოპერაციებმა ისინი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურება იყო.

„ირანის რეგულარული სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჩავძირეთ, თუმცა შეუძლებელია სათითაოდ ყველა სწრაფმავალი კატარღის, თითოეული ტყვიამფრქვევისა თუ რაკეტის განადგურება. ირანი ტერორისტული მეთოდებით კომერციულ გემებზე თავდასხმებს თუ გააგრძელებს ან საერთაშორისო წყლებს დანაღმავს, ეს საფრთხე კვლავ იარსებებს“, – თქვა ჰეგსეტმა.

სენატორმა ჯეკ რიდმა ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის დაწყებამ მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა და ირანი კვლავ ინარჩუნებს საპასუხო მოქმედებების შესაძლებლობას. ჰეგსეტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ყველა შესაძლო რისკის შესახებ იყო ინფორმირებული.

„პრეზიდენტს ყველა შესაძლო სცენარი და მისი შედეგები წარვუდგინეთ. სწორედ ამიტომ იმსახურებს ის შექებას. მას ეყო გამბედაობა, რომ რადიკალ ისლამისტებს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცეს“, – განაცხადა ომის მდივანმა.

მოსმენის ბოლოს, სენატორ ჯონ ჰოვენის კითხვაზე, ეხმარებიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი ირანს, ჰეგსეტმა დადებითად უპასუხა.

„აშკარაა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან კოორდინაციას ცდილობენ. ჩვენ ამის შეკავების არაერთი მექანიზმი გვაქვს, თუმცა მათი ნაწილი, მათი მასშტაბისა და შინაარსის გათვალისწინებით, გასაიდუმლოებული უნდა დარჩეს და ასეც უნდა იყოს. ორივე ქვეყანა სხვადასხვა დონეზე ხელს უწყობს იმ საქმიანობის ნაწილს, რასაც ირანი ახორციელებს, დიახ“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

მსგავსი