პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკის გადამზიდავ ნავზე დარტყმა განახორციელა, დაღუპულია სამი ადამიანი
აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკის გადამზიდავი მეორე ნავის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით განხორციელდა.
„დღეს, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ომის დეპარტამენტმა კიდევ ერთი, სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მართულ გემზე. გარდაცვლილი ტერორისტები აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართული“, – წერს პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, თავდაცვის მდივნის განმარტებით, მსგავსი დარტყმები აშშ-ის მხრიდან კიდევ გაგრძელდება.
„საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმის დროს გემზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. სამივე ტერორისტი მოკლეს და ამ დარტყმის დროს აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. ეს დარტყმები გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოდილერები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენი ქალაქებისთვის სიკვდილი და ნგრევა მოაქვთ“, – წერს ჰეგსეტი.
ცნობისთვის, 2 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა უკვე მეცხრე დარტყმა განახორციელა იმ ნავებზე, რომელთაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ, თუმცა, ეს წყნარ ოკეანეში თავდასხმის მეორე შემთხვევაა.