პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ნასროლმა ყველა ბომბმა დასახულ მიზანს მიაღწია, ხოლო ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, მას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ნასროლმა ყველა ბომბმა დასახულ მიზანს მიაღწია, ხოლო ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, მას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს.
პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა. როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, ოპერაციის ნებისმიერი სხვა შეფასება სპეკულაციაა.
„ეს იყო უნაკლო მისია. ბომბები მოხვდა ზუსტად იქ, საიდანაც ისინი უნდა მოხვედრილიყვნენ მიწისქვეშ. თუ გავითვალისწინებთ ამ ბომბების სიმძიმეს და ამ საბრძოლო მასალის შესაძლებლობებს, ეს იყო გამანადგურებელი, ვგულისხმობ ფორდოს ობიექტებს. ამ მისიის სხვა ნებისმიერი შეფასება არის სპეკულაცია, რომლის უკანაც სხვა მოტივები დგას. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის სრულიად საიდუმლო ანგარიში და თან ეს წინასწარი ანგარიშია, რომელიც არ იყო ფაქტებზე აგებული. ასეთი ანგარიშების შედგენა ხდება იმაზე დაყრდნობით, რაც იმ მომენტში იცი. ამ ანგარიშშიც კი ნათქვამია, რომ ბირთვული ობიექტისთვის მიყენებული ზიანი იყო საშუალოა ან მძიმე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ზიანი იყო გამანადგურებელი. ასე რომ, ვფიქრობ, ვინც ამას სხვაგვარად აფასებს, მას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პენტაგონი ატარებს გამოძიებას, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს, თუ საიდან აღმოჩნდა საიდუმლო ანგარიში მედიის ხელში და ამ პროცესში ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.