პირველი თამაში დაკავებების შემდეგ - „ვიტ ჯორჯიამ“ დიდი სხვაობით წააგო
კრისტალბეთ ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც „ვიტ ჯორჯიამ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა.
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმე, რომლის ფარგლებშიც რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს, ყველაზე მეტად „ვიტ ჯორჯიას“ შეეხო. ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ სუს-მა „ვიტ ჯორჯიას“ ძირითადი შემადგენლობიდან ხუთი წევრი დააკავა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ და წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს.
„ვიტ ჯორჯია“ ჯერ მდგომარეობიდან არ გამოსულა და შეხვედრა უშანსოდ დათმო – 0:3.
პირველი ტაიმის შემდეგ, „ლოკომოტივი“ მეტოქეს თორნიკე კირკიტაძის მიერ 34-ე წუთზე გატანილი ბურთით ამარცხებდა. მეორე ტაიმში სტუმართა პირველივე იერიში (46-ე წუთზე) ირაკლი სიხარულიძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და „ლოკომოტივის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 76-ე წუთზე საბოლოო ანგარიში თორნიკე ძებნიაურმა დააფიქსირა – 0:3.
ამ გამარჯვებით „ლოკომოტივმა“ 18 ქულა დააგროვა, მინიმუმ ერთი დღით გადაასწრო გორის „დილას“ (რომელიც 24 მაისს „საბურთალოს“ უმასპინძლებს) და შვიდი ქულით გაასწრო „ვიტ ჯორჯიას“, რომელიც მეცხრე ადგილზე დარჩა.