პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, კიდევ ორი გაეწეროს
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში შესაძლოა, კიდევ ორი პაციენტი გაეწეროს.
რატიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 64 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 51 კოვიდით ინფიცირებულია.
„ორმა ინფიცირებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა. რაც შეეხება კრტიკულ პაციენტებს, კლინიკაში კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს ექვსი პაციენტი, აქედან ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც არის 62 წლის, დღეს გაიგზავნა სინჯი განმეორებით ლუგარში ტესტირებაზე, კოვიდინფექციაზე, თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ალბათ ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ქალბატონს 80 წლის, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, გასულია რამდენიმე საათი, ამ ეტაპამდე ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ფიზიოლოგიურ პირობებში, ოქსიგენდმოკიდებულებით, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.