პირველი ქართული გამარჯვება ტოკიოს ოლიმპიადაზე - ლუხუმ ჩხვიმიანმა აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველებიდან პირველი დღეს ასპარეზობა 60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა დაიწყო. ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო პირველ შეხვედრაში ლუხუმი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა და მეტოქე შებოჭვით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
მეოთხედფინალში ჩხვიმიანი სამგზის მსოფლიო ჩემპიონ იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ბელგიელი ვერსტაერენი დაამარცხა.
დღეს ძიუდოს ტურნირზე 60 კგ-ში რამდენიმე მოულოდნელობა უკვე დაფიქსირდა – მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ რუსი რობერტ მშვიდობაძე და ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი შეეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები 06:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე გაიმართება.