პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე - წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და 14:10 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 6:3 მოიგო, ბოლო რაუნდში კი სამხრეთამერიკელებს თამაშის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.

მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. პლეიოფში თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.


ბრაზილია – საქართველო 10:14


2:2, 3:3, 3:6, 2:3

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე), ადეიშვილი (1), დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი (4), იმნაიშვილი, ვაპენსკი (4), ბარალდი, ვასიჩი.

 

წყალბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი

23 ივნისი (ხუთშაბათი)

21:20 საქართველო-მონტენეგრო

25 ივნისი  (შაბათი)

23:00 უნგრეთი-საქართველო

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.