პირველი მარცხი მოსამზადებელ ეტაპზე - „თელავში“ ფეხბურთელებს კიდევ ელიან #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მესამე ტესტ-მატჩი თბილისის „სპაერთან“ გამართა და მოსამზადებელ ეტაპზე პირველად დამარცხდა – 0:1.
„მესამე ამხანაგური მატჩი გვქონდა და მარცხის მიუხედავად, მთლიანობაში ძალიან კარგი და სასარგებლო სპარინგი გამოვიდა – სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი შეცდომა და ხარვეზებიც ნათლად დავინახე. სამუშაო ჯერ კიდევ საკმაოდ გვაქვს. ახლა ჩვენი საზრუნავიც ისაა, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჩემპიონატსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „თელავის“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ.
მისი თქმით, გუნდის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა:
„მოსამზადებელი პერიოდი გრძელდება, მთლიანობაში გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ ველოდებით და ბირთვიც უკვე საბოლოოდ გამოიკვეთება“.
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაგვიანებით დაიწყო და ჯერ მხოლოდ სამი საკონტროლო მატჩი გამართა. პირველ მატჩში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილებმა თბილისის „შევარდენი 1906“ 4:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე ტესტ-მატჩში საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ სძლიეს – 2:0.