პირველი ივნისის ღონისძიებების კვირეული 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
პირველი ივნისის ღონისძიებების კვირეული 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბავშვო ღონისძიებები დედაქალაქის სამ დიდ პარკში გაიმართება.

„თქვენ იცით, რომ პირველ ივნისს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. შესაბამისად, მერიამ დაგეგმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობების ერთობლივი ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქის სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, „მზიურის“ პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი.

„კვირეულის ფარგლებში, 4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალიც გაიმართება. ფესტივალის მიზანია, გაზარდოს საბავშვო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კომპანიების ცნობადობა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, არანაირი გადასახადი არ იქნება. მინდა, მივმართო მშობლებს, იაქტიურეთ და პირველ ივნისს შეგიძლიათ თქვენი შვილები მიიყვანოთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი