პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე - „ქუთაისმა“ ბულგარეთში „ბალკანი“ დაამარცხა #1TVSPORT
პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე - „ქუთაისმა“ ბულგარეთში „ბალკანი“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს სკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი „ქუთაისი“ ევროტურნირებზე პირველად ასპარეზობს. ქუთათურები ფიბა-ევროპის თასზე J ჯგუფში გამოდიან, სადაც მათი მეტოქე ბულგარული „ბალკანი“ იყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარელები მათსავე მოედანზე 86:78 დაამარცხა და ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა ევროსარბიელზე.

გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის დასაწყისი აღმოჩნდა, რომლის დროსაც ქართველებმა 6-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს და სირენამდე 2 წუთით ადრე თავად დაწინაურდნენ 6 ქულით. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, დარჩენილ დროში ჩვენს გუნდს შეცდომები აღარ მოსვლია.

მნიშვნელოვან მომენტში ჩააგდო სამქულიანი გუნდის ამერიკელმა ახალწვეულმა სმიტმა, რომელმაც საბოლოოდ 16 ქულა მოაგროვა. ასევე 16 ქულა ჰქონდა მის თანამემამულე ჯოინერს, ხოლო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი კორსანტია გახდა – 27 ქულა, 11 მოხსნა.

10 ქულით დაასრულა მატჩი  ბექაურმა, რომელთან ერთადაც მეოთხე პერიოდში ფარქვეშ საიმედოდ იდგა დვალიშვილი. სწორედ ეს გახდა „ქუთაისის“ გამარჯვების საწინდარი – ბულგარელებმა გადამწყვეტ მომენტში ვერაფერი გააწყვეს ქართველი მეფარეების წინააღმდეგ.

„ქუთაისს“ სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქუთათურები 30 ოქტომბერს თბილისში სლოვაკურ „პრევიძასთან“ გამართავენ.