პირველი არხის ექსკლუზივი | არჩილ ბერიძე - თურქული და ქართული კლუბების მონაწილეობით ბათუმში ტურნირს ვგეგმავთ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერძემ საქარველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის მარტში ბათუმში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება დაიწყო, რომელშიც ორ-ორი ქართული და თურქული კლუბი ითამაშებს.
„ბოლო წლებში ბათუმის „დინამოს“ ტრადიციად იქცა, რომ სანაკრებო პაუზაზე „რიზესპორს“ ამხანაგურად ვეთამაშებით. ახლაც ასე მოხდა და კარგი შეხვედრა გამოვიდა. ის თურქეთის სუპერლიგის გუნდია, ასეთი დონის მეტოქესთან თამაშით კი ქართული გუნდები განებივრებულები არ არიან.
„რიზესპორი“ კარგი გუნდია, რომელთან პერიოდულად ამხანაგური თამაში ჩვენი მზადების და ფორმის შემოწმებაში ძალიან გვეხმარება, ჩვენს ნაკლსაც კარგად ვხედავთ. ამავე დროს, ეს ურთიერთობები ამხანაგური მატჩების ორგანიზებით არ შემოიფარგლება და ვფიქრობ, ამას ძალიან საინტერესო გაგრძელება მოყვება.
ჩვენი სურვილია, რომ მარტის სანაკრებო პაუზის დროს ბათუმში ოთხთა ტურნირი ჩავატაროთ, რომელშიც ბათუმის და თბილისის „დინამოსთან“ ერთად, „რიზესპორი“ და კიდევ ერთი საკმაოდ წარმატებული თურქული კლუბი ითამაშებს.
ტურნირის დასპონსორების შესახებ რამდენიმე ძლიერ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ და იმედია, ჩანაფიქრის განხორციელება შევძლებთ. ქართულ კლუბებს ევროტურნირებაზე ასეთი თამაშები ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა.