პირველი არხის ჟურნალისტებმა, რომლებმაც კონსტრუქციული ჟურნალისტიკის შესახებ დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში ტრენინგი გაიარეს, კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს
პირველი არხის ჟურნალისტებმა, რომლებმაც კონსტრუქციული ჟურნალისტიკის შესახებ დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში ტრენინგი გაიარეს, კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებმა, რომლებმაც კონსტრუქციული ჟურნალისტიკის შესახებ დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში ტრენინგი გაიარეს, „მოამბის“ ნიუსრუმში პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაცია მოამზადა „მოამბის“ ჟურნალისტმა ქეთი ჩოხელმა. ასევე, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს „მოამბის“ იმ ჟურნალისტებმა, რომლებმაც ასევე ეტაპობრივად გაიარეს კურსი ორჰუსის უნივერსიტეტში.

კონსტრუქციული ჟურნალისტიკა მოიცავს საკითხებს, როგორ უნდა იმუშაოს მედიამ ისე, რომ შეასრულოს მედიატორის ფუნქცია.

პრეზენტაცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და დაისახა სამომავლო გეგმები კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით ცოდნის გაზრდის მიმართულებით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლები. საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სამოქმედო გეგმით ახლოს დგას კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ღირებულებებთან.

„ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა და ვფიქრობ, ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

რამდენიმე თვეა, საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს – კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ნერგავს. ევროპული მოდელის დანერგვის პროცესში საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ეხმარება.