პირველი არხის ახალი პროექტი „პირველი არხი - სცენა“ - ხელოვნებასთან შეხვედრის ადგილი

პირველი არხი ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“ იწყებს, რომელიც ყველა საშემსრულებლო ხელოვნებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გადაცემა „დღის კოდში“ შედგა.

პანდემიის გამო, სახელოვნებო სფერო მოწყვეტილია შესაძლებლობას, ისარგებლოს გამოხატვის ჩვეული ფორმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი მას ონლაინსივრცეში სთავაზობს ალტერნატივას, რომელიც, ერთი მხრივ, უკვე არსებული აუდიტორიის შენარჩუნებაში დაეხმარება, მეორე მხრივ, კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს სრულიად ახალი სეგმენტი.

1tvscena.ge-ზე შეგიძლიათ, ნახოთ სხვადასხვა ქართველი შემსრულებლის კონცერტის ჩანაწერები, ქართული ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და დაათვალიეროთ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.

პირველი არხი – სცენა“ მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალური ბილეთის საშუალებით, დაესწრონ სხვადასხვა კონცერტის ლაივტრანსლაციას.

პირველი ლაივკონცერტი „ჯაზის საღამო” 28 თებერვალს შედგება, მონაწილეობას კი მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანნა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.

ბილეთების შეძენის ინსტრუქციას შეგიძლიათ, გაეცნოთ პორტალზე 1tvscena.ge

„პირველი არხი -სცენა“ დაინტერესებულ პირებს აძლევს დონაციისა და ხელოვანების მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას.

ონლაინპლატფორმა მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზებს ქართული კულტურის არქივს. ხელს შეუწყობს ახალი სახეების აღმოჩენას. აგრეთვე, ქართული კულტურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს მიღმა.

დატოვე კომენტარი