პირველები უეფას წევრ ქვეყნებში - ელიგის ხელმძღვანელებს სერტიფიკატი მოეთხოვებათ
პირველები უეფას წევრ ქვეყნებში - ელიგის ხელმძღვანელებს სერტიფიკატი მოეთხოვებათ

უეფას სასწავლო კურსი „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ დასრულდა – მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმასპინძლა და საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა.

მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კურსის დასკვნითი მოდული და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ონლაინ რეჟიმში პირველად გაიმართა. წარმატებულ მონაწილეებს ლოზანას უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსის დახურვის დღეს მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, უეფას აკადემიის ხელმძღვანელმა, ტომას ჯუნომ და ჯერომ ბერთომ (ლოზანას უნივერსიტეტი) მიმართეს და საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

სფფ-ის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ეროვნულ ლიგაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელ პირებს პროგრამის ინგლისურენოვანი ან ქართულენოვანი კურსის სერტიფიკატი მოეთხოვებათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრ ასოციაცებს შორის პირველია, რომელმაც ეს სიახლე დანერგა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან მხარდაჭერა მოიპოვა.

სასწავლო პროგრამა 2019 წლის ოქტომბერში გაიხსნა და პირველ მოდულს თბილისმა უმასპინძლა. კურსი ინგლისურ ენაზე იმართებოდა და მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და უეფას ექსპერტებმა გაუზიარეს.გამომდინარე იქიდან, რომ ამჯერად ვერ მოხერხდა საქართველოში სემინარების ჩატარება, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ამავე დროს საქართველოში გაიმართება პანდემიის გამო გადადებული სემინარი, რომელსაც მოწვეული პროფესორები და უეფას-ს წარმომადგენლები ჩაატარებენ.

„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვისაა განკუთვნილი. იგი 6 მოდულისგან შედგებოდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა; სტრატეგიული მართვა; ოპერაციული მართვა; ფეხბურთის მარკეტინგი და სპონსორობა; კომუნიკაციები, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა; ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვა.

საგანმანათლებლო კურსს 24 მონაწილე ჰყავდა. მათ შორის, საქართველოში საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები და ევროპული ქვეყნების სხვა ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიიდან, ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან და დანიიდან. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარებაა.

„უეფა საგანმანათლებლო პროექტებში ეროვნული ასოციაციები აქტიურად არიან ჩართული. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ამ კონკრეტული მიმართულებით და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მომავალშიც ვგეგმავთ. ევროპის მასშტაბით ჩვენ ვართ პირველი ფედერაცია, რომელმაც ამ სერტიფიკატის აღიარების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ამიერიდან, ამ სერტიფიკატის მქონე ადამიანებს ქართულ საფეხბურთი კლუბებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. თანამედროვე ფეხბურთში სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება ფედერაციების და კლუბების ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია, ამას სწორედ უეფას მიერ შემოთავაზებული პროგრამა ადასტურებს. ვულოცავ თითოეულ ადამიანის ამ კურსის დამთავრებას და იმედია, ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობას აქტიურად გააგრძელებენ“ – ამბობს სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი.