პირველად ორი ფრანგული კლუბი ნახევარფინალში, გვარდიოლა 10 წელია ლიგას ვერ იგებს - ფაქტები „ლიონი“-„სიტის“ მეოთხედფინალიდან
„ლიონმა” „იუვენტუსის“ შემდეგ, „მანჩესტერ სიტიც“ გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან და სენსაციურად ბოლო ნახევარფინალისტი გახდა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი ფრანგული კლუბი ითამაშებს – „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლიონი“. ასეთი რამ ისტორიაში პირველად ხდება. ერთადერთ ფრანგულ კლუბს აქვს მოგებული ჩემპიონთა თასი – 1993 წელს „მარსელს“.
სხვა ფაქტები
* მაქსველ კორნემ ბოლო ორ სეზონში ოთხი გოლი გაუტანა „მანჩესტერ სიტის“.
* „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იყო 10 წლის წინ და მაშინაც ამ ეტაპზე „ბაიერნს“ შეხვდა. ფრანგებმა უშანსოდ წააგეს – 0:1, 0:3.
* გვარდიოლა თავის კარიერაში შვიდჯერ ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. „ლიონის“ გავლის შემთხვევაში, ის გაუთანაბრდებოდა ამ სტადიაზე გასვლების რაოდენობით ჟოზე მოურინიოს.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მესამე სეზონში წააგო მეოთხედფინალი.
* პირველად ბოლო სამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ იქნება არც ერთი გუნდი ინგლისიდან. გარდა ამისა, პირველად 1995-96 წლების სეზონის შემდეგ, მთავარ ევროტურნირზე გამარჯვებისთვის არ იბრძოლებენ ინგლისური, ესპანური და იტალიური კლუბები.
* გვარდიოლა 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.