პირველად ისტორიაში - ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის ტურნირზე იმსაჯებს #1TVSPORT
პირველად ისტორიაში - ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის ტურნირზე იმსაჯებს #1TVSPORT

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ახალი წლიდან ახალ ისტორიას წერს. ნიკა ამაშუკელი ტიერ2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს.

6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, ის საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, მესამე ტურში, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას უკვე ცენტრში იმსაჯებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ უძველეს, თითქმის 140-წლიანი ისტორიის მქონე ტურნირში, ამაშუკელი 2023 წლის მსოფლიო თასის წინ მიიწვიეს. თებერვალ-მარტში ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში სულ 15 თამაშია. შესაბამისად, შეირჩა ამ მომენტისთვის 15 უძლიერესი რეფერი და სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველია.

თავად ნიკა ამ დანიშვნას მოულოდნელს უწოდებს.

„ვერც კი წარმოვიდგენდი ექვსი ერის ცენტრში თუ მომიწევდა მსაჯობა. ლოგიკური იქნებოდა, თუ მხოლოდ გვერდით მსაჯად მივიღებდი დანიშვნას, მაგრამ სრული შოკი იყო, როდესაც ჟოელ ჟუშმა დამირეკა და მითხრა – 27 თებერვალს ირლანდიისა და იტალიის მატჩს ცენტრში იმსაჯებ. ექვს ერზე პრესტიჟული ტურნირი არ არსებობს და მის ნაწილად ყოფნა უდიდესი პატივია, მით უმეტეს მეორე სარაგბო დონის ქვეყნის წარმომადგენლისთვის, რისი პრეცედენტი აქამდე არასდროს ყოფილა“.

„ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი კონკურენციის ფონზე 15 საუკეთესო მსაჯს შორის შემარჩიეს. უფრო მეტად კი მახარებს ის, რომ არა მხოლოდ ქართულ რაგბს, არამედ მთელს ქვეყანას წარმოვადგენ. რაგბში მსაჯი წარმოუდგენელი მნიშვნელობის ფიგურაა, მუდამ ყურადღების ცენტრშია და ვეცდები ღირსეულად გავართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ასევე ეს დანიშვნა უნდა გახდეს მოტივაცია ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, რომ მუშაობით მეტის მიღწევა შესაძლებელია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ყველა ქართველისთვის სანატრელ ტურნირზე ჯერჯერობით მხოლოდ მე ვიქნები წარმოდგენილი და არა ჩვენი გუნდი. იმედია ეს დანიშვნა გახდება წინაპირობა და ქართული რაგბი დაიწყებს სვლას ამ სისტემისა და ტურნირისკენ“.

წყარო: rugby.ge