პირველად ძიუდოს ისტორიაში - და-ძმა მსოფლიოს ჩემპიონია
20:46, 21.09.2018
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ვაჟთა შორის გამარჯვებულები 66, ხოლო გოგონათა შორის წარმატებულები 52 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.
2018 წლის 21 სექტემბერი მსოფლიო ძიუდოს ისტორიის მნიშვნელოვან დღედ იქცა რადგან დღეს ჩემპიონის ტიტულები და-ძმა ჰიფუმი და უტა აბებმა მოიპოვეს.
21 წლის ჰიფუმი აბე 66 კგ. წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რაც შეეხება მის დას 18 წლის უტას, მან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი პირველად დაისაკუთრა.
ფინალურ შეხვედრაში ჰიფუმი ყაზახ იერლან სერიხანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ეფექტური გდებით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ქართველი არბიტრი, ვლადიმერ ნუცუბიძე მსაჯობდა.
უტა ოქროსთვის ბრძოლაში თანამემამულე აი შიშიმეს შეხვდა. შიშიმე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო. ბრძოლა დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა, სადაც უტა აბემ შესანიშნავი ილეთი შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ 66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი, მეორე წრეში, გერმანელ სებასტიან საიდლთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ხვალ კი ტურნირში მამაკაცთა შორის მედლები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედლის მოპოვებას, ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი შეეცდება.