პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15 პაციენტი დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15 პაციენტი დატოვებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას 15 პაციენტი დატოვებს.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში 104 პაციენტი მკურნალობს, მათგან ინფიცირებულია 86.

„დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 17 უარყოფითი ტესტის პასუხი მივიღეთ. უახლოეს საათებში დატოვებს დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას. რეანიმაციული პაციენტი არის რვა, დამატებით ახალი არ დამატებია. გუშინ სამი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, დღეს რჩება ორი, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. კონტროლდება ვიტალური პარამეტრები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, დღეს კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა.

„ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას კლინიკაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.