პირველ არხზე „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის მიერ გამოწვეულ კონკურენტებს შორის დებატები 9 ოქტომბერს აღარ შედგება
დებატები პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესა და მის მიერ გამოწვეულ კონკურენტებს შორის 9 ოქტომბერს აღარ შედგება.
ზურაბ ჯაფარიძე დისკუსიასა და საუბრებს სთავაზობდა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ასევე „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარმომადგენელ ირაკლი გორგაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკიდან კი – „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელ ზვიად ბაღდავაძეს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელ მიხეილ ანთაძეს.
დებატების დროდ ჩაინიშნა 9 ოქტომბრის 22:00 საათი. თუმცა, იმის გამო, რომ გამოწვეული კანდიდატები ვერ ახერხებენ დებატებში მონაწილეობას, ის ვერ შედგება.
შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთი დებატებში გამოიწვიონ და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს.
პირველი ასეთი დებატი უკვე გაიმართა 4 ოქტომბერს, კიდევ ერთი დებატი ჩანიშნულია 8 ოქტომბერს. სხვა დებატების გამართვის დროებია:
სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.