პირველ აპრილს ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018 გაიმართება
პირველ აპრილს ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018 გაიმართება

პირველ აპრილს ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018 გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოიპოვება. მონაწილეობას მიიღებენ მეთევზეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან, ასევე, ბიომეურნეობები.

დაგეგმილია ფლეშმობი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელთა  ჩართულობით, ასევე ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა. გაიმართება სპორტული თევზჭერის მასტერკლასები – „დაიჭირე-გაუშვი”.

ფორეჯის” გამგეობის თავმჯდომარე, სოფო დიასამიძე აცხადებს, რომ შარშანდელმა ფესტივალმა საკმაოდ დადებითი მუხტი გამოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მსგავსი ფესტივალის მნიშვნელობა დაანახა.

„გაზაფხულზე, როცა ჯერ ზღვის სეზონი დაწყებული არ არის, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების ჩატარება. თუ ქვეყანაში ტარდება ღვინის, თაფლის და ყველის ფესტივალი, რატომ არ უნდა ჩატარდეს თევზის? მეთევზეობას არანაკლები ისტორიაა აქვს ჩვენს ქვეყანაში. შარშანდელმა ფესტივალმა საკმაოდ დადებითი მუხტი გამოიწვია, დაანახა სახელმწიფო უწყებებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი. სწორედ ჩვენი ფესტივალის შემდეგ იყო, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, თევზჭერის დარგში სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შესახებ გამოცხადდა. მეთევზეობა, როგორც დარგი, აღიარებული იქნა” – განაცხადა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო დიასამიძემ.

ფესტივალზე კვების ობიექტები ზღვის პროდუქტებს წარმოადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, კერძები მინიმალურ ფასად შეიძინონ და დააგემოვნონ.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი წელს ბათუმში მეორედ გაიმართება.  დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.