პიროტექნიკის აფეთქების გამო, თბილისის 71-ე ბაღის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა
პიროტექნიკის აფეთქების გამო, თბილისის 71-ე ბაღის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა

თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, დირექტორის ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ინფორმაცია პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორმა გასული წლის 26 დეკემბერს ბაღში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, როდესაც წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკა აფეთქდა და ერთ-ერთმა ბავშვმა დაზიანებებიც მიიღო. ამავე ფაქტის გამო, აღნიშნული ჯგუფის აღმზრდელმა და თანაშემწემ დირექციას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღის ადმინისტრაციისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.
აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.