პირებს, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზებს პირდებოდნენ, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
პირებს, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზებს პირდებოდნენ, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულებისგან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს აშშ-ის ვიზებს პირდებოდნენ. შსს-ის ცნობით, ბრალდებულები მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.