პიოტრ ზელინსკი თანახმაა ხელფასი შეიმციროს და „ნაპოლიში“ დარჩეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პოლონელ თანაგუნდელს, პიოტრ ზელინსკის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელიწადი კვლავ გუნდში დარჩენას აპირებს, – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.
„პიოტრ ზელინსკი „ნაპოლიში“ 2017 წლიდან თამაშობს, ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე და უნაკლო პროფესიონალია. ზელინსკის კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, ამჟამად მისი ხელფასი 3,5 მილიონი ევროა.
„ნაპოლის“ ბიუჯეტის გათვალისწინებით, ეს მაღალი ხელფასია და ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მისი გაუმჯობესება შეუძლებელი იქნება, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივა მაინც არსებობს – პოლონელი მზადაა, ნეაპოლში დარჩენის სანაცვლოდ ხელფასი შეიმციროს. ეს შესანიშნავი ჟესტი იქნება, რომელიც კლუბისადმი მის სიყვარულს აჩვენებს“, – წერს „არეა ნაპოლი“.
ამასთან დაკავშირებით გამოცემა „სქაი სპორტ იტალია“ ჟურნალისტ მასიმო უგოლინის კომენტარს აქვეყნებს: „ზელინსკი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ნეაპოლში დარჩენა სურს, კლუბმა კი მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. უნდა იმუშაონ მის აგენტთან. რამდენადაც ვიცი, ფეხბურთელი მზადაა, გუნდს ახალ ხელშეკრულებაზე შეუთანხმდეს“.