ევროპარლამენტარი პიოტრ მიულერი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებს აზიანებს
პოლონეთის ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ მათმა ფრაქციამ წარადგინა წინადადება ევროპარლამენტში დებატების გამართვისა და რეზოლუციის მიღების შესახებ, რომელიც „უკრაინელი მეამბოხეების არმიის“ (UPA) მიერ ჩადენილი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება.
პიოტრ მიულერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებს აზიანებს“.
„სამწუხაროდ, ეს იმის დასტურია (რაზეც ადრე ვსაუბრობდით), რომ წინა გადაწყვეტილებები გაცნობიერებულად იყო მიღებული. იმედი მაქვს, ამჯერად მთელი პოლონეთის პოლიტიკური ელიტა მიხვდება, რომ აქ საჭიროა მტკიცე და გადამწყვეტი პოლიტიკა. დავეხმაროთ, მაგრამ ამავე დროს მოვითხოვოთ. ჩვენმა ფრაქციამ ევროპარლამენტში წარადგინა წინადადება დებატების გამართვისა და რეზოლუციის მიღების შესახებ, რომელიც UPA-ს მიერ ჩადენილი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება. ევროპაში ურთიერთობები სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს. უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ეს საბოლოოდ უნდა გაიგონ“, – წერს პიოტრ მიულერი სოციალურ ქსელში.
ამასთან, მისივე თქმით, ამჟამად უკრაინელი პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით საკუთარი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებსაც ზიანს აყენებენ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უკრაინელ და პოლონელ მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე. პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შემდეგ ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა – ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. ამასთან, როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.
Prezydent Ukrainy wykonał kolejny ruch niszczący relacje polsko-ukraińskie. Niestety to dowód (o czym mówiliśmy wcześniej), że poprzednie decyzje były świadome.
Liczę, że tym razem cała polska klasa polityczna zrozumie, że tu jest potrzebna twarda, asertywna polityka.
Pomagać,…— Piotr Müller (@PiotrMuller) June 28, 2026