პიეტრო ლო მონაკო - კვარაცხელია „ნაპოლისა“ და წლის ნამდვილი ჰიტი იქნება #1TVSPORT
პიეტრო ლო მონაკომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა – ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც მოქმედი სპორტული მენეჯერი და ტელეკომენტატორია, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი თავდამსხმელი წლსი მოვლენა გახდება.
„ვინ იქნება ნამდვილი გადატრიალება „ნაპოლში“? ამ როლში კვარაცხელიას ვნახავთ – მე ამის დიდი იმედი მაქვს. ქართველი რომ აფეთქდეს, ის ნამდვილად შეიძლება გახდეს სპალეტის გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშე“, – ამის შესახებ მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ Vikonos Web Radio/Tv-თან ინტერვიუში განაცხადა.
იტალიელმა მენეჯერმა თავისი ვარიანტი დაასახელა, თუ როგორ შეიძლება გახდეს „ნაპოლის“ თავდასხმა სერია „ა“-ში საუკეთესო.
„მე შევწირავდი ზელინსკის და ჩამოვიყვანდი ჯოვანი ლო ჩელსოს. კვარაცხელიასთან ერთად სამკუთხედს შევქმნიდი ჯოვანი სიმეონესთან ან ჯაკომო რასპადორისთან ერთად. ამ შემთხვევაში, „ნაპოლის“ შეტევა ნამდვილად სრულყოფილი იქნებოდა“, – ამტკიცებს ლო მონაკო.
აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპორტული მენეჯერის დაასახელებული ყველა მოთამაშე საკუთარი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ – ჯოვანი ლო ჩელსო „ტოტენჰემის“ და არგენტინის ნაკრების შემტევი ნახევარმცველია (ზაფხულამდე იჯარით „ვილიარეალში“ თამაშობდა), ჯოვანი სიმეონე „ვერონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელია (დიეგო სიმეონეს შვილი), ხოლო ჯაკომო რასპადორი „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდია.