პიერ ჰეიბრონი - 2018 წელს ევრობანკმა საქართველოში რეკორდულად დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა
პიერ ჰეიბრონი - 2018 წელს ევრობანკმა საქართველოში რეკორდულად დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა

ვეცდებით, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა, პიერ ჰეიბრონმა განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვმონაწილეობთ, ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი.  ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას,“ – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პიერ ჰეიბრონის შეფასებით, 2018 წელი რეკორდულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რადგან აღნიშნულმა საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოში 260 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მხარდაჭერა 2019 წელს და მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის,“ – განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.