პეტრო პოროშენკო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე - ჩვენ აუცილებლად შევალთ ამ კარში
პეტრო პოროშენკო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე - ჩვენ აუცილებლად შევალთ ამ კარში

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინამ აჯობა რუსეთს და საბჭოთა კავშირს დაემშვიდობა. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ პოროშენკომ კიევში მიმდინარე „იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინამ ივლისში გამართულ სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის დადასტურება მიიღო.

„ნატო-ს ამჟამინდელმა სამიტმა დაადასტურა დიდი ევროპული ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივა. პრეზიდენტები და პრემიერები გვეუბნებოდნენ, ბატონო პრეზიდენტო, ნატო-ს კარი ღიაა თქვენთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკოს თქმით, ამ სამიტის შემდეგ უკრაინისთვის განვითარების „რუსული ვექტორი“ საბოლოოდ დავიწყებულია.

„ეს არის არა მხოლოდ განზრახვა, კიდევ ერთხელ დავუქნიოთ ხელი მოსკოვს და დავემშვიდობოთ „მოსიყვარულე დათუნიას“. არამედ ეს არის გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც. თუ თქვენ არაერთხელ გვითხარით, კარი ღიაა, ეჭვი არ შეგეპაროთ, ჩვენ აუცილებლად შევალთ ამ კარში“, – განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინამ აჯობა რუსეთს, რადგან კრემლის მრავალწლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, დასავლურ კურსს დაადგა. ამასთან, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ევროპული სტრატეგიის ფორუმი კიევიდან კვლავ იალტაში დაბრუნდება.