პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს - ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე
პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს - ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს მხარდასაჭერად სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს ქართულ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველო დაასუსტოს ეკონომიკურად, ამიტომ მის ტურისტულ სექტორს დარტყმას აყენებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც გამოდის რუსეთის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ებრძვის ოკუპაციას. საქართველოს წინააღმდეგ კრემლი ტრადიციულად იყენებს იმავე ხერხებს, რომლებსაც რუსეთი ჩვენი  სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში იყენებს. ახლა მოსკოვს კვლავ სურს, საჰაერო მიმოსვლის დაბლოკვით საქართველოს ეკონომიკურად დასუსტება და დარტყმას აყენებს საქართველოს ტურიზმს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გაემგზავრონ.

„ჩვენ, უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას, გადაერთონ საქართველოზე. ვინც ჯერ კიდევ გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – აღნიშნავს პოროშენკო.

ამასთან, პეტრო პოროშენკო მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების მოსაკრებელი შეამციროს.

„მივმართავ უკრაინის მთავრობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, ამ პერიოდში გააკეთონ ფასდაკლება უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისა და აეროპორტის მოსაკრებლებზე. ავიაკომპანიებს კი,  შეუძლიათ, ბილეთების ფასის შემცირება.

საქართველომ კიევის სახელწოდებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა (Kiev – Kyiv). ვფიქრობ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ოფიციალური სახელწოდების შეცვლის შესახებ („გრუზიას“ ნაცვლად). საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვაში, რომელსაც აქვს ქართული წარწერა „უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“.

დატოვე კომენტარი