პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას 30 დღით გეგმავს
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას 30 დღით გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არა 60, არამედ 30 დღის ვადით გეგმავს. ამის შესახებ პოროშენკომ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამგვარად საომარი მდგომარეობა არ აისახება საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე.

„მე შევთავაზებ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას. რისთვის? რომ საომარი მდგომარეობა არც ერთი დღით არ დაემთხვეს საარჩევნო კამპანიის დაწყებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უმაღლეს რადას საპრეზიდენტო არჩევნების 31 მარტს დანიშვნას შესთავაზებს.

„დეკემბერში მე პარლამენტს წარვუდგენ პროექტს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შესახებ, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამისად, 2019 წლის 31 მარტს უნდა შედგეს. წერტილი“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

სპეციალური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლება აგრესიაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მოსკოვი უკვე ხუთი წელია, უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ქერჩის სრუტეში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის აგრესია ახალ მასშტაბზე აიყვანა, თუმცა მისი თქმით, ეს კულმინაცია ჯერ არ არის.