„პეტრიოტის“ სისტემის რაკეტებს ტექნიკურ მომსახურებას პოლონეთში გაუწევენ
ტაივანელი სამხედრო მოსამსახურე „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემის რადარს მართავს. ფოტო გადაღებულია საბრძოლო მზადყოფნის სწავლების დროს, 2025 წლის 8 იანვარს, ტაიჩუნგში, ცინ ჩუან კანგის საჰაერო ბაზაზე
ამერიკული წარმოების Patriot PAC-3-ის ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტების ევროპული ტექნიკური მომსახურების ცენტრი პოლონეთში განთავსდება. მწვავე კონკურენტულ ბრძოლაში, ვარშავამ გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის შეთავაზებებს აჯობა.
ეს სიახლე სამშაბათს, 27 ოქტომბერს საზოგადოებას პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ ამცნო, რომელიც შეერთებულ შტატებთან პოლონეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
მინისტრის მოადგილემ ამ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ კონკურსის პროცესში პოლონეთის წინადადებამ „ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო“.
„წარმატება წინასწარ არ იყო გარანტირებული – დაწერა მან პლატფორმა X-ზე, – ის მრავალთვიანი მოლაპარაკებებისა და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია“.
პენტაგონის განცხადებაშიც ადასტურებენ, რომ „ევროპაში Patriot Advanced Capability-3-ის (PAC-3) რაკეტების ტექნიკური მომსახურების ცენტრის მასპინძელ ქვეყნად“ პოლონეთი შეირჩა.
„ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეები მკაფიო გზავნილს აგზავნიან: ალიანსი ერთიანია, სერიოზულად ეკიდება შეკავების პოლიტიკას და მზად არის, სიტყვები საქმით განამტკიცოს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ შესყიდვებისა და მხარდაჭერის საკითხებში, მაიკლ პ. დაფიმ.
აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ცენტრი უზრუნველყოფს რაკეტების ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებასა და კაპიტალურ რემონტს ევროპაში, რაც შეამცირებს სამუშაოების შესრულების ვადებს და განამტკიცებს ნატოს საჰაერო თავდაცვის ძალების მომარაგების ხაზებს.
თავის მხრივ, კომპანია „ლოკჰიდ მარტინმაც“, რომელიც PAC-3 ტიპის რაკეტებს აწარმოებს, განაცხადა, რომ ახალი ობიექტი ადგილზე უზრუნველყოფს მათ შეკეთებას, განახლებას, სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას, ასევე ელახალ სერტიფიცირებას და ის პოლონეთის თავდაცვით მრეწველობასთან იქნება ინტეგრირებული.
სობკოვიაკ-ჩარნეცკას თქმით, ეს იქნება ერთადერთი ასეთი ცენტრი შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
მან ბრიუსელში ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი პოლონური ზლოტია (230 მილიონი ევრო, 250 მილიონი აშშ დოლარი) და ექსპლუატაციაში მის შესვლას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
პრემიერ-მინისტრ ტუსკის თქმით, პოლონეთმა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ „ეს შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა ქვეყანაში მოეზიდა“, რითაც „რამდენიმე ამბიციურ მეტოქესთან“ კონკურენციაში გაიმარჯვა.
PAC-3 MSE ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტები შეერთებულ შტატებში იწარმოება და მათი მომსახურებაც აქამდე ადგილზე ხდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელ ოპერატორებს, ტექნიკური შემოწმებისა და მომსახურებისთვის, რაკეტების ატლანტის ოკეანის გაღმა გაგზავნა უწევდათ.
ახალი ცენტრი კი ამ სამუშაოებს უშუალოდ ევროპაში განახორციელებს, რაც პროცესის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
მედიის ცნობით, პოლონელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოხატეს ინტერესი, რომ მომავალში „პეტრიოტის“ გზაგადამჭრელები ადგილზე ეწარმოებინათ, თუმცა ახალი ობიექტი ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის ცენტრი იქნება და არა მწარმოებელი ქარხანა.
„პეტრიოტის“ რაკეტებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების გამო, საჰაერო თავდაცვის მარაგები შემცირდა. ამასთან, „პეტრიოტის“ სისტემებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს რუსული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმებისგან უკრაინის დაცვაში.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახალი ცენტრი პოლონეთის უსაფრთხოებას განამტკიცებს და ამასთან, მთელ ევროპას მოემსახურება. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ქვეყნის რომელ ნაწილში აშენდება ობიექტი.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ნავროცკიმ ეს საკითხი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას პირადად წამოჭრა.
აშშ-ის ელჩი: „პოლონური ერთობის საუკეთესო მაგალითი“
პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ტრამპის „გადაწყვეტილება, შეარჩიოს პოლონეთი PAC-3-ის ტიპის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ცენტრად, მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-პოლონეთის თავდაცვით თანამშრომლობაში და ნატოს კოლექტიური თავდაცვის განმტკიცებას უწყობს ხელს“.
მისი თქმით, „ეს არის პოლონური ერთობის საუკეთესო მაგალითი – პოლონეთის მთავრობა და პრეზიდენტის კანცელარია კაროლ ნავროცკის ხელმძღვანელობით, ერთად მუშაობენ შედეგის მისაღწევად“.
„ეს არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება. გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა შესანიშნავი წინადადებები წარმოადგინეს. სამივე მათგანი ნატოს შეუცვლელი მოკავშირეა, რომელთა თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობებიც უმნიშვნელოვანესი იქნება „ნატო 3.0“-ის მშენებლობისას“, – აღნიშნა როუზმა.
„პეტრიოტის“ სისტემები პოლონეთის საჰაერო თავდაცვის არქიტექტურის საკვანძო კომპონენტია. საჰაერო თავდაცვის პროგრამა „ვისლას“ ფარგლებში, ქვეყანამ უკვე მიიღო „პეტრიოტის“ 2 ბატარეა და, თავდაპირველი შესყიდვის ნაწილად, დაახლოებით 200 PAC-3 MSE გზაგადამჭრელი რაკეტა შეუკვეთა.
„ვისლას“ პროგრამის მეორე ეტაპი დამატებით მოიცავს „პეტრიოტის “ექვს ბატარეას და დაახლოებით 600 თანამედროვე გზაგადამჭრელ რაკეტას. მათი მიწოდება, რომელიც, თავდაპირველი გათვლებით, 2029 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ, შეყოვნდება.