პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
„ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია, ოპოზიციაშია და რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. ამ პარტიის ათი ათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება პოლიტიკურად არაკოლეგიალურია. ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში, თუ სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, შორსმჭვრეტელობას ასახავდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ყრილობის დელეგატთა უმრავლესობა ირჩევს.
პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურას გამარჯვების მეტი შანსი ექნება, თუმცა წინასწარ ამის თქმა კორექტული არაა.
„ოპოზიციური ალიანსი თავისთავად ცუდი იდეა არ იყო, კონსოლიდაციას ემსახურებოდა, მაგრამ შიგნიდან თუ მუდმივად თავდასხმა უნდა იყოს ჩვენს ლიდერზე, რომელიც ციხეში იმყოფება, მუდმივად უნდა იყოს ლანძღვა-გინება, ქილიკი, თავდასხმა, მაშინ რაღას ემსახურება ეს ალიანსი. კრიტიკის, მსჯელობის მომხრე ვართ, მაგრამ უშვერი სიტყვებით ლანძღვა საქმეს არ ადგებოდა. აქედან გამომდინარე, ისიც დაიბლარა, ამ ალიანსის სამოძრაო ტრაექტორიაზე რა არის საბოლოო მიზანი. როგორც ერთი ადამიანი, ალიანსიდან გამოსვლაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ეს კოლექტიური გადაწყვეტილებაა. მიხეილ სააკაშვილი ის პოლიტიკური ლიდერია, რომელიც გარეთ რომ იყოს, რისიც ეშინიათ, ცეცხლს დაანთებდა და ამ ასპარეზობაში გამარჯვებული ვინც იქნებოდა, კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმაც და საზოგადოებამაც. სწორედ ამიტომაა იზოლირებული და ტყვეობაში, მისი თავისუფლება ნიშნავს „ოცნების“ დაცემას. ვიდრე ამ პირობებში ვართ, ოპოზიციაში ვრჩებით და ბრძოლის განცდაც არაა, ველზე კმაყოფილი არავინ იქნება, არც მე, არც გუნდის წევრი და არც მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის შენიშვნებს და ვეცდებით, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც ველზე, ასევე, მასმედიასა და სოციალურ ქსელებში“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.