პეტრა ბაირი – პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ხოლო ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორეხარისხოვანი პარტნიორი, ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, ვემსახურებით

17:14, 15.10.2026

დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ზეწოლის ქვეშაა ჩვენს წევრ სახელმწიფოებში, დამკვირვებელი სტატუსის მქონე სახელმწიფოებსა და დემოკრატიისთვის პარტნიორ ქვეყნებში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პეტრა ბაირიმ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს.

„შეხედეთ ამ დარბაზს: აქ არიან დიდი და პატარა პარლამენტები, ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნები და ახალგაზრდა დემოკრატიები, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ჩვენი მეგობრები კონტინენტის ფარგლებს გარეთ. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: ამ დარბაზში წარმოდგენილ თითოეულ პარლამენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. პატარა პარლამენტს პატარა ხმა არ აქვს, ხოლო ახალგაზრდა დემოკრატია არ არის მეორეხარისხოვანი პარტნიორი. ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა შეგნებულად ავირჩიეთ ერთ დარბაზში შეკრება და საერთო ენის ძიება, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ, ყველანი, ერთსა და იმავე ადამიანებს – ჩვენს მოქალაქეებს – ვემსახურებით“, – განაცხადა პეტრა ბაირიმ.

მისი თქმით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში სამი ძირითადი თემას განვიხილვა მოხდება.

„ერთი შეხედვით, შესაძლოა, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული არ ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათი ურთიერთკავშირი გაცილებით ძლიერია. პირველი თემაა დემოკრატიული მდგრადობა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა. ეს მოიცავს დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, უცხოურ ჩარევას არჩევნებში და ჩვენი ღია დებატების მანიპულირების მცდელობებს. ამ ყველაფრის მიზანი ყოველთვის ერთია: მოქალაქეებს საკუთარ ინსტიტუტებსა და, საბოლოოდ, თავად დემოკრატიის მიმართ ეჭვი გაუჩინონ. ჰიბრიდული საფრთხეები საზღვრებს არ ცნობს და, სხვათა შორის, არც ძლიერ სახელმწიფოებს უვლის გვერდს. ამიტომ ჩვენი პასუხიც საზღვრებს უნდა გასცდეს. მოდით, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ინსტრუმენტები, გამოცდილება და ცოდნა, რათა დისკუსიების დროს კიდევ უფრო შორს წავიდეთ და უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებები შევიმუშაოთ“, – განაცხადა პეტრა ბაირიმ.

რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იღებს მონაწილეობას.

მსგავსი