პეტრ პაველი – რობერტ ფიცოს განცხადებას, რომ არ სურს, სლოვაკეთი რაღაც მე-5 მუხლის გამო სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ვიმედოვნებ, ჩეხეთი ამ გზას არ დაადგება
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სერიოზულად მიიჩნევს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას იმის შესახებ, რომ არ სურს, სლოვაკეთი „რაღაც მე-5 მუხლის გამო რაიმე სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს“.
„ეს საყურადღებო გზავნილია, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და რომლის მაგალითიც, რა თქმა უნდა, არ უნდა გადმოვიღოთ. მე-5 მუხლი სოლიდარობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის ცალსახა გამოხატულებაა. თუ ვინმე ამბობს, რომ მოხარულია ნატო-ს წევრობით, სხვა სიტყვებით, რომ ნატო გვიცავს, მაგრამ ამავდროულად მზად არ არის, ჩაერთოს იმ შემთხვევაში, თუ სხვა წევრ ქვეყანას თავს დაესხმებიან, მას სიტყვა „სოლიდარობის“ მნიშვნელობა არ ესმის. მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ ჩეხეთი ამ გზას არ დაადგება“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ არ სურს, სლოვაკეთი ნატო-ს მე-5 მუხლის გამო სამხედრო კონფლიქტის მონაწილე გახდეს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნატო-ს წევრ ერთ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად მიიჩნევა.