პეტრ პაველი - ქართველ პარტნიორებთან შეხვედრაზე ალიანსის მხრიდან საქართველოს დახმარების ნაბიჯები განიხილება
პეტრ პაველი - ქართველ პარტნიორებთან შეხვედრაზე ალიანსის მხრიდან საქართველოს დახმარების ნაბიჯები განიხილება

NATO მოუწოდებს პარტნიორებს, გაატარონ რეფორმები, რათა სამხედრო შესაძლებლობები უზრუნველყოფილი იყოს. ამის შესახებ განცხადება დღეს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის 178-ე სხდომის გახსნაზე გენერალმა პეტრ პაველმა გააკეთა. მისივე თქმით, მომდევნო ორ დღეში სამხედრო კომიტეტის წევრები ალიანსის მოდერნიზაციაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ განვიხილავთ NATO-ს პერსპექტივას, გააფართოვოს შესაძლებლობები და უზრუნველყოს სტაბილურობა მეზობელ რეგიონებშიც. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი პარტნიორები. სამხედრო გარდაქმნების გარდა, მათ უნდა უზრუნველყონ სანდო საკანონმდებლო ბაზა, ასევე ეკონომიკური პირობები უნდა იყოს შესაბამისი, რათა ამან სამხედრო შესაძლებელობების გაზრდას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

მისივე თქმით, ხვალ უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება.


„ხვალ გაიმართება უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა, რომელთა წარმომადგენლებიც მოგვაწოდებენ ინფორმაციას რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. პაველის თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილება უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული დახმარების ნაბიჯები.


NATO-ს სახმედრო კომიტეტის სხდომა 16-17 იანვარს ბრიუსელში იმართება. შეხვედრაზე თებერვალში დაგეგმილი ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე განსახილველ თემებზე იმსჯელებენ.