პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. მისივე თქმით, უნგრეთის გენერალურმა პროკურორმა საკითხი დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს.

„ჩვენ დაუყოვნებლივი შიდა გამოძიების ბრძანება გავეცით ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში და სხვა შესაბამის ორგანოებში, უკრაინის „ოქროს კოლონის“ საქმესთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ეს საკითხი“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2026 წლის მარტში უკრაინამ უნგრეთი ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს ვალუტა და ოქრო გადაჰქონდათ.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევმა არაერთხელ დაჟინებით მოითხოვა „ოსჩადბანკის“ ნაღდი ფულის გადაზიდვის მანქანებისა და ძვირფასი ნივთების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ყველა გარემოების ობიექტური გამოძიება, ასევე მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ადეკვატური კომპენსაცია.

მათივე ინოფორმაციით, 6 მაისს უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ფული და ძვირფასი ნივთები დაუბრუნა. უნგრეთში უკრაინის ელჩმა ფედირ შანდორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ დამნაშავეების დასჯაც.