პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო აშშ-ში დააკავეს
პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო აშშ-ში დააკავეს

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პერუს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პერუს ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში ბრალდება კორუფციის მუხლით აქვს წაყენებული.

„გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო მანრიკე დაკავებულია აშშ-ში დღეს დილით, ექსტრადაციის მოთხოვნით“, – ნათქვამია პერუს პროკურატურის განცხადებაში.

პერუს სასამართლომ ტოლედოს დაკავების ორდერი 2017 წლის თებერვალში გასცა. ალეხანდრო ტოლედო პერუს პრეზიდენტი 2001-2006 წლებში იყო და ბრალად ედება კორუფცია, ასევე ბრაზილიურ სამშენებლო კომპანია „ოდებრეხტთან” უკანონო შეთანხმების გაფორმება.

გამოძიების თანახმად, პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბრაზილიური კომპანიისგან ქრთამის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღეს. სანაცვლოდ, აღნიშნულმა კომპანიამ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა.