სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

12:30, 19.12.2019

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვა-გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები გამოიკვეთა.

„ვინაიდან, გამოიკვეთა სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება.

გატარებული ღონისძიებებისა და არსებული შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით, როდესაც ხელთ გვექნება არსებული შედეგები. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შემოწმების კანონიერება“ ,- განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა და აღნიშნა, რომ კამერების ჩანაწერებს არ ამოიღებენ.

„შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კუთხით, რომელიც ეხება არასრულწლოვნების პერსონალურ მონაცემებს. ჯერჯერობით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გაროებები, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია და დამატებით შედეგებს საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ, როდესაც გვექნება აღნიშნული შედეგები.
სკოლაში დაგვხვდებიან, ბუნებრივია, სკოლის წარმომადგენლები და მათთან ერთად სამსახური შეისწავლის პერსონალურ მომაცემთა დამუშავების კანონიერებას. მათ შორის შეიძლება იყოს სკოლის ტერიტორიაზე ვიდეო თვალთვალის კანონიერებაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ადგენს კონკრეტულ წესებს და პირობებს, რა შემთხვევაში არის დასაშვები ვიდეო თვალთვალი და სწორედ კანონმდებლობით დადგენილ ამ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“ ,- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა.

მსგავსი