პენტაგონმა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ნატოს დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვია

13:03, 04.10.2026
პენტაგონის ხედი (საილუსტრაციო ფოტო)

პენტაგონის ხედი (საილუსტრაციო ფოტო)

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის მოკავშირეებს შორის არიან და თავდაცვაზე ყველაზე მაღალი დანახარჯებიც აქვთ, არ მიიწვიეს პენტაგონის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი უნდა განიხილონ. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო იუწყება. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინა მუქარებს იმის შესახებ, რომ შეიქმნებოდა „კარგი და ცუდი“ მთავრობების სია, რომლებიც თეთრი სახლის პრიორიტეტებს ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან.

პოლონეთში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც პენტაგონის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელბრიჯ კოლბის ინიციატივით იმართება, ფაქტობრივად, იმ სამუშაო ჯგუფის შეკრება იქნება, რომელიც ნატოს მომავალზეა ფოკუსირებული – ეს ინფორმაცია „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს შეხვედრის მომზადების პროცესში ჩართულმა ექვსმა დიპლომატმა დაუდასტურა.

იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებმაც მოწვევა ვერ მიიღეს – მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის სახელმწიფოები – თავდაცვაში მნიშვნელოვან რესურსებს დებს და ალიანსში საკვანძო როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ქვეყნების დიპლომატები სვამენ კითხვას, თუ რატომ გამორიცხეს ისინი დისკუსიებიდან.

დიპლომატები გამოთქვამენ ეჭვს, ხომ არ ანიჭებს ტრამპის ადმინისტრაცია უპირატესობას ზოგიერთ ქვეყანას, რაც, შესაძლოა, ალიანსში კიდევ უფრო დიდი განხეთქილების მიზეზი გახდეს. თანაც, იმ პირობებში, რომელიც ნატო უკვე იარაღის მარაგების ამოწურვის და რუსეთის მზარდი აგრესიის პრობლემის წინაშე დგას.

ერთ-ერთი არმიწვეული ქვეყნის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, აღნიშნა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც გვთხოვენ. ამიტომ, ვცდილობთ გავარკვიოთ, რა იყო მიწვევის კრიტერიუმები და ამ შეხვედრის მიზანი“. მან ასევე განაცხადა, რომ არმიწვეული ქვეყნების წარმომადგენლებს მწირი ინფორმაცია მიაწოდეს. განმარტების გაკეთების თხოვნაზე თეთრ სახლს პასუხი არ გაუცია, ხოლო პენტაგონმა საერთოდ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

ხელისუფლების სათავეში მეორე ვადით მოსვლის შემდეგ, ტრამპმა და მისმა უახლოესმა მრჩევლებმა ნატო მრავალი მიმართულებით გააკრიტიკეს. კრიტიკა ეხებოდა როგორც წევრი ქვეყნების უარს, მხარი დაეჭირათ ვაშინტონისთვის ირანის წინააღმდეგ ომში, ასევე იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ქვეყანა არ ასრულებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტის დახარჯვის ვალდებულებას.

ტრამპის კრიტიკა ნატოს წევრების მისამართით

„მე ნატოს ყოველთვის ცალმხრივ მოძრაობად მივიჩნევდი, რაზედაც ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ამ ქვეყნების დასაცავად. ჩვენ მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით კრიზისის დროს“, – განაცხადა ტრამპმა მიმდინარე წელს თავის პოსტში Truth Social-ზე.

აპრილში „პოლიტიკო“ იტყობინებოდა, რომ თეთრმა სახლმა შეიმუშავა სია პირობითი სახელწოდებით, „ვინ არის ალიანსის შიგნით და ვინ გარეთ“. მისი მიზანი იყო გზების მოძიება იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებიც ტრამპის სურვილებს არ ემორჩილებიან.

აგვისტოში ვაშინგტონმა უკმაყოფილება გამოთქვა სეულის უარის გამო, რომ ირანის წინააღმდეგ ომში ჩართულიყო და საპასუხოდ, პენტაგონმა აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი შეზღუდა.

თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა „სანიმუშო მოკავშირეები“ წაახალისა და გამოვიდა გაფრთხილებთ, რომ ისინი, ვინც აშშ-ის ინტერესებს არ ითვალისწინებენ, სათანადო შედეგებს მოიმკიან. ნატოს ახალი სამუშაო ჯგუფის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მისი შექმნა მოჰყვა მუქარას, რომ ზოგიერთი ქვეყანა სხვების ხარჯზე წახალისდებოდა.

„ბერგენის ჯგუფი“

კოლბიმ უკვე მოაწყო ორი მსგავსი შეხვედრა, რომელებზეც ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ნიდერლანდები მიიწვია. ამ შეხვედრებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები (ე.წ „ბერგენის ჯგუფი“) ამტკიცებენ, რომ მათ მიზანს ნატოს გახლეჩა არ წარმოადგენს. ამის შესახებ ერთ-ერთი მიწვეული ქვეყნის ანონიმურმა დიპლომატმა განაცხადა. ჯგუფი, პირიქით, გეგმავს შეიმუშაოს იდეები, რომლებიც, შემდგომი საფუძვლიანი ანალიზისთვის, მთელ ალიანსს წარედგინება.

„ეს შეიძლება გახდეს ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა მთელი ნატოსთვის“, – დასძინა დიპლომატმა. მან ასევე დაადასტურა, რომ შეხვედრაზე არმიწვევის გამო ზოგიერთი მოკავშირე იმედგაცრუბულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი სამხედრო დანახარჯების ინდიკატორები ბევრმა მათგანმა არათუ შეასრულა, არამედ გადააჭარბა კიდეც.

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვიწრო ფორმატით მოლაპარაკებების გამართვას კოლბი დიდი ხანია აპირებდა. შეკრების დაგეგმვის პროცესში ჩართული კიდევ ერთი პირის ცნობით, აშშ-მა ამ კლუბს შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა, დანიაც დაამატოს, გრენლანდიაში ამერიკული სამხედრო ყოფნის გაფართოებაზე ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით. გასულ წლებში კოლბი ფოკუსირებული იყო გერმანიის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე, რომლის მიზანი რუსეთის შეკავება უნდა ყოფილიყო. ამასთან, ის მხარს უჭერდა აშშ-ის სამხედრო ძალების განთავსებას, ჩინეთის მზარდი გავლენის საპასუხოდ.

თუმცა, „პოლიტიკოს“ ცნობით, მიწვეული მოკავშირეებიც კი სვამენ კითხვას, თუ რატომ შეარჩიეს კოლბიმ და თავდაცვის სფეროს სხვა ოფიციალურმა პირებმა მონაწილეები ასე საგულდაგულოდ და რატომ გამორიცხეს კონტინენტის უმსხვილესი სამხედრო ძალა, მათ შორის – გაერთიანებული სამეფო. „თუ ისინი შეეცდებიან ნატოს დაყოფას „კარგებად“ და „ცუდებად“, ეს საშიშია თავად აშშ-ისთვის, ევროპისთვის კი ეს, საერთოდ, გადარჩენის საკითხია“, – განაცხადა „ბერგერის ჯგუფის“ კიდევ ერთმა დიპლომატმა.

სტატიის ავტორი: ონდრეი მაშეკი, ჩეხეთის ტელევიზია(CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი: ტომ ბრენერი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი, 2026 წელი, 15:11 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი