პენტაგონი - თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა, რომ რუსული აგრესიის ფონზე, კვლავ დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში
პენტაგონი - თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა, რომ რუსული აგრესიის ფონზე, კვლავ დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

„თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე, როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა, დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის.

ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაემყაროს ბოლო წლების მიღწევებს“, – აღნიშნულია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.