პენტაგონი - სირიაში მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე პასუხისმგებლობა თურქეთმა უნდა აიღოს
პენტაგონი - სირიაში მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე პასუხისმგებლობა თურქეთმა უნდა აიღოს

სირიაში დაკავებულ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე პასუხისმგებლობა თურქეთმა უნდა აიღოს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარ ესპერმა გააკეთა. მისივე თქმით, აშშ-ი სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„აშშ-ის სახმელეთო ძალები სირიის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს კონტაქტი როგორც თურქეთთან, ისე „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა.

მისივე თქმით, ის ტელეფონით დაუკავშირდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ თურქეთი უნდა დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და თურქი სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებები უნდა დაიცვას.

„რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვას რეგიონში აშშ-ის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ესპერმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მან შეახსენა თურქ კოლეგას, რომ ანკარა პასუხისმგებელია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იმ წევრებზე, რომლებიც თურქეთის სამხედრო ოპერაციის არეალში იმყოფებიან.