პენტაგონი სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს იარაღის წარმოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინის, პენტაგონის ხედი სამგზავრო თვითმფრინავის ფანჯრიდან. გადაღებულია 2026 წლის 10 ივლისს
ირანთან ომით გამოწვეული საბრძოლო მასალების კრიტიკული დეფიციტის ფონზე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადგილობრივი სამხედრო კომპანიებისგან საბრძოლო იარაღის წარმოებისა და მიწოდების დაჩქარებას ითხოვს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივ ფეინბერგმა კომპანიებს, შესაბამისი გეგმების წარმოსადგენად, 21-დღიანი ვადა მისცა.
სამხედრო-სამრეწველო სექტორის ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილი მიმართვის ტექსტი გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ მოიპოვა.
5 აგვისტოს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სტივ ფეინბერგმა სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელებს მემორანდუმი გაუგზავნა და მათ, მაქსიმუმ, 21 დღე მისცა იმ გეგმების წარსადგენად, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო აღჭურვილობის გაცილებით სწრაფად მიწოდება და წარმოება.
„განვითარების მრავალწლიანი ციკლები მიუღებელია. ჩვენი პროგრამების ვადები მკვეთრად უნდა დავაჩქაროთ და საწარმოო სიმძლავრეები ახლავე გავაფართოოთ“, – წერს ფეინბერგი.
მემორანდუმში ის ასახელებს შეიარაღების რამდენიმე პროგრამას, რომელთა შესყიდვების დაჩქარება ან გაზრდა 2028 ფინანსური წლის ბიუჯეტის გადახედვის ფარგლებში „განიხილება“. მათ შორის არის: ახალი თაობის გზაგადამჭრელი რაკეტის (Next Generation Interceptor) პროგრამა, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა NASAMS-ი, მობილური საჰაერო თავდაცვის რადარის სისტემა, მფრინავთა მომზადების სისტემა და კოსმოსური ბაზირების სარაკეტო თვალთვალის სისტემა. ფეინბერგმა კომპანიებს ასევე სთხოვა, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები კაპიტალდაბანდებებისა და საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების შესახებ.
მხოლოდ ირანთან ომის პირველ თვეში, აშშ-მა „ტომაჰოკის“ ტიპის 850-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 1 000-ზე მეტი „პეტრიოტი“ და THAAD-ის ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტა გაუშვა. საბრძოლო მოქმედებების პირველ რამდენიმე კვირაში აშშ-ის არმიამ 1 300-ზე მეტი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
შედეგად, „პეტრიოტის“ რაკეტების გლობალური მარაგი 2 200-დან 827-მდე შემცირდა, THAAD-ის რაკეტების მარაგი კი – 452-დან 278-მდე. ეს მონაცემები ვაშინგტონში დაფუძნებულმა „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა“ (CSIS) გასულ კვირას გამოაქვეყნა.
პენტაგონის მთავარი პრესსპიკერის, შონ პარნელის განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიის ლიდერებთან უშუალოდ, ახლო კონტაქტში მუშაობა სიახლეს არ წარმოადგენს. ეს თავიდანვე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის მკაფიო გადაწყვეტილება იყო. პარნელმა ასევე დაადასტურა, რომ ფეინბერგის მემორანდუმი „ნამდვილად არსებობს“ და ის კონგრესისთვის წარსადგენი საბიუჯეტო მოთხოვნის საფუძველი გახდება.
თავად ტრამპმა 6 აგვისტოს Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალის „უზარმაზარი მარაგები“ აქვს.
რა არის ცნობილი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შესახებ
6 ივლისს, ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ტანკერი დააზიანეს.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ორგანიზაციამ (UKMTO) განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მყოფ ტანკერს ამოუცნობი დრონი დაესხა თავს.
8 ივლისის დილას, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელეს. CENTCOM-მა გაავრცელა ინფორმაცია „მაღალი სიზუსტის დარტყმების შესახებ 80-ზე მეტ სამიზნეზე“ – ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მართვისა და კონტროლის ქსელებზე, სანაპირო რადარის სადგურებზე, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებზე, ასევე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) 60-ზე მეტ ნავზე, რომლებიც სრუტესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ბაზირებულნი.
IRGC-ს ცნობით, ირანის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტს დაესხნენ თავს.
8 ივლისს, ნატო-ს სამიტზე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში აღარ არის. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მან საზოგადოება ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა საზღვაო ბლოკადა აღადგინოს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალებმა უკვე მიაყენეს დარტყმა ირანის კუნძულ ხარგს – ნავთობის ექსპორტის საკვანძო ჰაბს – და არ უარყო, რომ სამიზნეში ელექტროსადგურები და წყლის გამტკნარების ქარხნებიც მოექცა.
9 ივლისს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები განახორციელეს, რათა არ დაეშვათ იმის შესაძლებლობა, რომ თეირანს საფრთხე შეექმნა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებისთვის. აშშ-მა განაცხადა, რომ ეს იყო კომერციულ გემებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებზე თავდასხმებისთვის ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალება.
12 ივლისს, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების მესამე სერია წამოიწყო: ამჯერად „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ კონტეინერმზიდ „M/V GFS Galaxy“-ზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც ჰორმუზის სრუტეშის კვიპროსის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა.
13 ივლისის ღამეს, CENTCOM-მა გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია განახორციელა, რომლის დროსაც პირველად გამოიყენა საზღვაო დრონები.
14 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდებოდა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები მომდევნო კვირაში გაძლიერდებოდა და შეტევები ელექტროსადგურებსა და ხიდებზე იქნებოდა მიმართული. მისი თქმით, შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, ირანი ყოველთვის არღვევს მას. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო მიზნები ირანში უკვე მიღწეულია, კერძოდ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა 13 ივლისისთვის სრუტეში გემების მოძრაობა ჩვეულებრივი დონის დაახლოებით 90 პროცენტით იყო შემცირებული.
მანამდე ტრამპმა უარი თქვა გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეში გამავალ ყველა გემზე 20-პროცენტიანი გადასახადი უნდა დაწესებულიყო. პრეზიდენტის თქმით, ამის სანაცვლოდ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ და აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებებს გააფორმებენ.