პენტაგონი სამხედრო მოსამსახურეებში ტესტოსტერონის ყოველწლიურ შემოწმებას ნერგავს – ექსპერტთა შეფასებები

14:00, 20.07.2026
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სიტყვით გამოდის თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე, რომელიც 2026 წლის 15 ივლისს კარლაილში (პენსილვანიის შტატი), სამხედრო კოლეჯში ჩატარდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სიტყვით გამოდის თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე, რომელიც 2026 წლის 15 ივლისს კარლაილში (პენსილვანიის შტატი), სამხედრო კოლეჯში ჩატარდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, 30 წელს გადაცილებული მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის, ტესტოსტერონის დეფიციტის გამოსავლენად, ყოველწლიური სკრინინგი შემოიღო.

 

ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თავდაცვის მდივნის თქმით, ტესტირება მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებში ტესტოსტერონის შესაბამისი დონის შენარჩუნების ხელშეწყობას, მათი გამძლეობის, შრომისუნარიანობისა და გრძელვადიანი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე არმიის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.

ტესტირების შედეგად ჰორმონის დაბალი დონის გამოვლენის შემთხვევაში, ჰეგსეტის ბრძანება სავალდებულო მკურნალობას არ ითვალისწინებს. ამის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს შესთავაზებენ კონსულტაციის გავლას, რის შემდეგაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილების მკურნალობის კურსის შესახებ.

მამაკაცთა ჯანმრთელობის ექსპერტებს შორის „როიტერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ექვსი ექსპერტიდან ხუთმა ახალი პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვა. ოთხმა ექიმმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ 30 წელზე უფროსი ასაკის სამხედროების მასობრივი სკრინინგი აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას გააუმჯობესებს.

ამერიკის უროლოგთა ასოციაცია და ენდოკრინოლოგთა საზოგადოება იძლევიან რეკომენდაციას, რომ ტესტოსტერონის პრეპარატები მხოლოდ იმ პაციენტებს დაენიშნოთ, რომლებსაც ტესტოსტერონის დეფიციტი უკვე დაუდგინდათ ან აღენიშნებათ შესაბამისი სიმპტომები, მათ შორის – დაღლილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, კუნთოვანი მასის დაკარგვა და ძვლის სიმკვრივის შემცირება.

ექიმები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ასეთი სიმპტომების არმქონე ადამიანებისთვის ტესტოსტერონის დანიშვნამ, შესაძლოა, საქმე საჭიროზე მეტ მკურანალობამდე (ოვერტრიტმენტი) მიიყვანოს. ამით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს შორის ისინი ასახელებენ ფერტილობის დაქვეითებას, სისხლის გასქელებას, პროსტატის პრობლემებს, აკნეს, თმის ცვენას, ხასიათის ცვალებადობასა და მკერდის ქსოვილის გაზრდას.

ექსპერტებმა ასევე ხაზი გაუსვეს კვლევის შედეგებს, რომელშიც 45-დან 80 წლამდე ასაკის 5 200-ზე მეტი მამაკაცი მონაწილეობდა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ტესტოსტერონის თერაპიის დროს, მართალია, ინფარქტის ან ინსულტის რისკი არ გაზრდილა, მაგრამ მის მონაწილეებში უფრო ხშირად აღინიშნებოდა გულის რიტმის დარღვევები და მოტეხილობები.

სკრინინგის კონკრეტულ მიზნად ჰეგსეტმა ე.წ. „ოპერატორის სინდრომის“ გამოვლენა დაასახელა; სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს ეს მდგომარეობა შეიძლება ტრავმის, აფეთქებების ზემოქმედების, ძილის დარღვევის, ჰორმონალური და მეტაბოლური დისბალანსის შედეგად შეექმნათ.

ამ სინდრომის შესახებ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა ბ. კრისტოფერ ფრიუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლები არ ქმნიან არმიის საერთო სურათს, ვინაიდან, ჩვეულებრივ სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით, ისინი გაცილებით დიდ ფიზიკურ და ტრავმულ სტრესს განიცდიან.

ამავდროულად, სამედიცინო სფეროს ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ უფრო ფართო სკრინინგმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანების გამოვლენას, რომლებშიც ტესტოსტერონის დაბალი დონე გამოწვეულია ჭარბი წონით, ძილის ნაკლებობით ან დაუბალანსებელი კვებით. ამ შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრა გაცილებით ადვილია და ჰორმონის დონის კორექტირება ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშეც არის შესაძლებელი.

პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორი შეფასება მიეცემა ტესტების ანომალიურ შედეგებს, ან გავრცელდება თუ არა ახალი მოთხოვნები თანაბრად მამაკაცებსა და ქალებზე.

 

სტატიის ავტორი: კარინა ლევიცკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ალექს ვონგი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 2026 წლის 19 ივლისი, 21:08 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი