პენტაგონი - რუსებმა იციან, სად ვოპერირებთ, არ არსებობს გამართლება იმისა, რომ მათი ძალები აგრძელებენ ჩვენი MQ-9-ების შევიწროებას
რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ინციდენტს პენტაგონში ეხმაურებიან. პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა რუსი მებრძოლების ქმედებებს საშიში და არაპროფესიონალური უწოდა.
„მე არ შემიძლია რუსების სახელით საუბარი და იმის თქმა, თუ რატომ განაგრძობენ ისინი ამ სახიფათო, არაპროფესიონალურ ქცევას, მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩვენ ვხედავთ მატებას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა სინგმა.
პენტაგონის სპიკერის მოადგილის განცხადებით, ინციდენტი, რომელიც 23 ივლისს მოხდა, არის ფრენის წესების კიდევ ერთი აშკარა უგულებელყოფა.
„რუსებმა იციან, სად ვოპერირებთ. არ არსებობს გამართლება იმისა, რომ მათი ძალები აგრძელებენ ჩვენი MQ-9-ების შევიწროებას ამ მხარეში აშშ-ის მრავალწლიანი ოპერაციების შემდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსებს, მოიქცნენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა საბრინა სინგმა.
შეგახსენებთ, რომ სირიის საჰაერო სივრცეში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი დააზიანა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, უპილოტო აპარატი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კონტრტერორისტულ მისიას ასრულებდა, რა დროსაც მას რუსული სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა და აპარატის თავზე საჰაერო ინფრაწითელი პიროტექნიკური შემადგენლობის ნივთიერება გაუშვა.