პენტაგონი – ინსპექტირების შემდეგ, უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული შეიარაღების მიტაცების ფაქტები არ გამოვლენილა

00:29, 04.11.2022

პენტაგონში განაცხადეს, რომ ინსპექტირების შემდეგ უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული შეიარაღების მიტაცების ფაქტები არ გამოვლენილა. განცხადება ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა გააკეთა.

მისი თქმით, კიევში აშშ-ის საელჩოს და სამხედრო ატაშეს ოფისის თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა ჩაატარა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მრავალჯერადი შემოწმება.

რაიდერის თქმით, ეს შემოწმება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფრონტის ხაზიდან დაშორებულ რამდენიმე ადგილას ჩატარდა.

„ჩვენ ვერ გამოვავლინეთ აშშ-ის დახმარების მიტაცების ფაქტები უკრაინაში”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან შეიარაღების მიწოდების პროცესს უკრაინის საზღვრებამდე, შემდეგ კი უკვე კიევი ადევნებს თვალყურს, თუ როგორ მიდის დახმარება ფრონტის ხაზზე.

უკრაინა ასევე დეტალურ ანგარიშს აწვდის აშშ-ის შეიარაღების დანაკარგსა და დანახარჯზე.

მსგავსი