პენიტენციური სამსახური - N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა
პენიტენციური სამსახური - N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება მომხდარს, დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა.-მ მიაყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი გაურკვეველია.

მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.