პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული

13:50, 02.09.2026

მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი