პელეს კიდევ 73 გოლი „აღმოაჩინეს“ 14-წლამდელთა გუნდში - გარი ლინეკერმა ფეხბურთის მეფის რეკორდის შესახებ იხუმრა
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა დასცინა ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს ბომბარდირულ რეკორდს.
2020 წლის დეკემბერში, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაამხო პელეს რეკორდი ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით. თუმცა, ბრაზილიელის მშობლიური კლუბი „სანტოსი“ არ დაეთანხმა იმას, რომ მესიმ პელეს რეკორდი გააუმჯობესა. ბრაზილიური კლუბის მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიელმა „სანტოსში“ 1091 გოლი გაიტანა და არა 643.
შაბათს, მესიმ დუბლი შეასრულა „გრანადასთან“ გასვლით მატჩში. ახლა, მის აქტივში 648 გოლია კატალონურ კლუბში.
„ახლა, მესი პელეს რეკორდს ერთ კლუბში გოლების რაოდენობით მხოლოდ 583 გოლით ჩამორჩება. თუმცა, მოიცადეთ. სულ ახლახანს მათ აღმოაჩინეს კიდევ 73 გოლი, რომელიც პელემ 14-წლამდელთა გუნდში გაიტანა. ასე რომ, მესის ჩამორჩენა უკვე 656 გოლს შეადგენს“, – იხუმრა ლინეკერმა „ტვიტერში“.
„მე ვიცი, რომ პელე – ნამდვილი ლეგენდაა. უბრალოდ, ცოტა გავერთე“, – მოგვიანებით დაამატა ინგლისელმა.