პეკინი ვაშინგტონს მოუწოდებს, პატივი სცეს ჩინეთის ნაწილად ტიბეტის აღიარების ვალდებულებას – „აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ტიბეტთან დაკავშირებული საკითხების გამოყენება შიდა საქმეებში ჩარევისთვის“

14:39, 09.07.2026

პეკინი ვაშინგტონს მოუწოდებს, პატივი სცეს ტიბეტის ჩინეთის ნაწილად აღიარების ვალდებულებას. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირაში ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინასთან ტიბეტელმა მამაკაცმა, ლობგა რანგზენიამ თავი დაიწვა, მანამდე კი აქტივისტმა ტიბეტის დამოუკიდებლობა და ერთიანობა მოითხოვა.

„როიტერი“ წერს, რომ ინციდენტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კვლავ მოუწოდებენ ჩინეთს, დაუბრუნდეს დალაი ლამასთან დიალოგს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა, რომ ტიბეტთან დაკავშირებული საქმეები მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეებია და არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს ჩარევის უფლება.

„ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, პატივი სცეს ტიბეტის ჩინეთის ნაწილად აღიარების ვალდებულებას, არ დაუჭიროს მხარი „ტიბეტის დამოუკიდებლობას“ და შეწყვიტოს ტიბეტთან დაკავშირებული საკითხების გამოყენება ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევისთვის“, – აღნიშნა მაო ნინმა.

ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა, რასაც ფეოდალისტური ბატონყმობისგან „მშვიდობიან განთავისუფლებას“ უწოდებს. ჩინეთში დალაი ლამას, რომელიც ტიბეტელი ბუდისტების სულიერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია, სეპარატისტად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი მემკვიდრე პეკინმა უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი